1756888130
უცხოეთი
ლიეტუვის პრეზიდენტის თვითმფრინავი დრონის გამო ვილნიუსის აეროპორტში პირველ ჯერზე ვერ დაფრინდა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თვითმფრინავი ვილნიუსის აეროპორტში პირველ ჯერზე ვერ დაფრინდა. ამის მიზეზი აეროპორტის სიახლოვეს აღმოჩენილი დრონი გახდა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
„ვილნიუსის აეროპორტთან მიახლოებისას შემოვიდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენის შესახებ. პილოტებმა უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული ყველა ზომა მიიღეს და გარკვეული დროის შემდეგ თვითმფრინავი აეროპორტში დაფრინდა“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის პრესმდივანმა ტომას ბერჟინსკასმა.
პრეზიდენტის თვითმფრინავი ვილნიუსის მახლობლად დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში წრეებს ურტყამდა. ამ ეტაპზე ლიეტუვის ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ ვის ეკუთვნოდა ვილნიუსის თავზე აღმოჩენილი დრონი.