Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტი - ტრამპის განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს გრენლანდიაზე კონტროლის აღების შესახებ მიუღებელი უწოდა. ნაუსედას განცხადებას LRT-ი ციტირებს. 

ნაუსედამ ტრამპს სხვისი სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. 

„ახლა ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სახელმწიფო საზღვრებს, ეს მიუღებელია 21-ე საუკუნეში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და პატივი უნდა ვცეთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, განსაკუთრებით საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს. მოდით ეს გაუგებრობად მივიჩნიოთ", - განაცხადა ნაუსედამ. 

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოპოვება სურს. ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენებაც. 

დანიამ განაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებთან მისი ინტერესების შესახებ არქტიკაში, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ „გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“.