Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტი: იმედი მაქვს, აშშ საბოლოოდ მიხვდება, რომ რუსეთთან საუბარი არ მუშაობს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მალე საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შედეგს არ იძლევა.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინაში კრემლის შემდგომი აგრესიის შეკავება მხოლოდ კიევისთვის როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური მხარდაჭერის გაწევით იქნება შესაძლებელი.

„ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა უმსხვილესმა პარტნიორმა, საბოლოოდ დაინახოს რუსეთის არაკონსტრუქციულობა, დაინახოს, რომ მხოლოდ საუბრით, შელოცვებით, ან კეთილი ნებით ვერაფერს მიაღწევ“, - განაცხადა ნაუსედამ.

მან გაიხსენა, რომ სხვა დასავლურმა ქვეყნებმა უკვე სცადეს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დარწმუნება სატელეფონო საუბრებით, თუმცა უშედეგოდ.

„ბევრმა დასავლელმა ლიდერმა სცადა მისი დარწმუნება სატელეფონო საუბრებით, დარწმუნებით, სულიერ საკითხებზე აპელირების მცდელობებით, მაგრამ, მოგეხსენებათ, იქ სულიერება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შიშველი ინტერესები და ძალიან სასტიკი ქმედებები და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ქმედებები“, - ხაზგასმით აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედამ დასძინა, რომ ნატოს უდიდესი ქვეყნები ვერ ხვდებიან, რომ პუტინის ამბიცია მთელი უკრაინის მიტაცებაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ გეგმებს შევეწინააღმდეგებით და მეჩვენება, რომ ნატოს უდიდეს ქვეყნებში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და ნებისმიერ ფასად შეეცდება მის თავიდან აცილებას“, - აღნიშნა მან.