ლიეტუვაში პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მთავრობა გადადგომისთვის ემზადება

ლიეტუვაში პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის მიერ გადადგომის შესახებ 31 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მთავრობა გადადგება. ამის შესახებ სააგენტო Delfi იუწყება.
4 აგვისტოს ლიეტუვის მთავრობა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება. ეს პალუცკასის თავმჯდომარეობით მთავრობის ბოლო სხდომა იქნება.
ამის შემდეგ მოქმედი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას გადადგომის შესახებ წერილს წარუდგენს. მას შემდეგ, რაც ის შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს, მთელი მთავრობა გადადგება.
შემდეგ პრეზიდენტს შეეძლება, ახალი მთავრობის ფორმირებამდე ერთ-ერთი მინისტრი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს.
მას შემდეგ, რაც მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატს გადაწყვეტს, მან ეს საკითხი ნაუსედასთან უნდა განიხილოს.
შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატს სეიმს წარუდგენს, რომელმაც ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს ერთ კვირაში უნდა მიიღოს.
ინფორმაციისთვის, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა 31 ივლისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ლიეტუვაში პალუცკასის გარშემო არაერთი სკანდალი ატყდა, როდესაც ჟურნალისტებმა მისი საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მათი გარემოებების გარკვევა დაავალა.
ამ სკანდალების ფონზე, ლიეტუვაში პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ნდობის რეიტინგი დაეცა. ნაუსედამ პალუცკასს ბრალდებების ახსნა-განმარტებისთვის ორი კვირა მისცა.