Loading data...
ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარს ერთი თვით ჩაკეტავს

29 ოქტომბერს ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა, ბელარუსთან შალჩინინკაისა და მედინინკაის სასაზღვრო პუნქტები ერთი თვით დახუროს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეზღუდვები დღეიდან, 29 ოქტომბრიდან, 30 ნოემბრამდე, 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს, მათი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

შალჩინინკაის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მთლიანად დაიხურება. თუმცა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მედინინკაის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ნაწილობრივ ღია დარჩება.

„მისი მეშვეობით ნებადართული იქნება დიპლომატების, კალინინგრადიდან ტრანზიტის, ლიეტუვაში დაბრუნებული მოქალაქეების, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების გავლა. ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებსაც ექნებათ გავლის უფლება. ჰუმანიტარული გადაადგილების შესაძლებლობა კვლავ დარჩება, რასაც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გადაწყვეტს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ კონდრატოვიჩმა.

გარდა ამისა, დამტკიცდა გამონაკლისი, რომელიც მედინინკაის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლებას აძლევს ანდორას, მონაკოს, სან-მარინოს მოქალაქეებს, წმინდა საყდრის წარმომადგენლებს, უკრაინის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ამ ქვეყნების დიპლომატიური მისიების ტექნიკურ პერსონალს ბელარუსში, რომლებიც ბელარუსის მოქალაქეები არიან.