ლიბანში ისრაელის საარტილერიო ცეცხლს ლიბანელი კათოლიკე მღვდელი ემსხვერპლა
ლიბანელი მარონიტი კათოლიკე მღვდელი, მამა პიერ ალ-რაჰი 9 მარტს სამხრეთ ლიბანში ისრაელის საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა.
მამა პიერ ალ-რაჰიმ სხვა მღვდლებთან ერთად უარი თქვა ისრაელის სამხედროების ბრძანების შესრულებაზე, დაეტოვებინა ქრისტიანული სოფელი კლაიაა, მარონიტული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 8000 ადამიანს შეადგენს და ისრაელის საზღვრიდან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს.
ისრაელის სამხედროებმა იერიშები მიიტანეს სამხრეთ ლიბანში, სამხრეთ ბეირუთსა და ბექაას ველში „ჰეზბოლას“ სავარაუდო დასაყრდენებზე, რათა ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფება და მათი იარაღი გაენადგურებინათ. ცნობილია, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლები სამხრეთ ლიბანის ქრისტიანულ და სხვა სოფლებში იმალებიან.
„ჩვენ იძულებულნი ვართ, დავრჩეთ, საფრთხის მიუხედავად, როდესაც ჩვენს მიწას ვიცავთ და ამას მშვიდობიანად ვაკეთებთ. არცერთი ჩვენგანი არ ატარებს იარაღს. ყველა ჩვენგანი ატარებს მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს“, - განუცხადა ალ-რაჰიმ ტელეარხ France24-ს კლაიააში, თავისი ეკლესიის კიბეებზე 8 მარტს, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე.
ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის „მერკავას“ ტიპის ტანკმა ორჯერ დაარტყა კლაიააში მდებარე სახლს. პირველი დარტყმის შედეგად დაიჭრა სახლის მფლობელი და მისი მეუღლე. ალ-რაჰი და სხვა მეზობლები ადგილზე დასახმარებლად გაიქცნენ, როდესაც ტანკმა მეორედ გაისროლა. ალ-რაჰი დარტყმის შედეგად დაიჭრა და მოგვიანებით მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.