ლიბანის მთავრობამ „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აკრძალა და დაჯგუფებას მოუწოდა, იარაღი ჩააბაროს
ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ უკანონოდ ცნო „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა და ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას მოუწოდა, იარაღი ჩააბაროს.
აღსანიშნავია, რომ ლიბანის მთავრობამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ერთი დღით ადრე დაჯგუფებამ ისრაელზე იერიში მიიტანა, 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების პასუხად.
მთავრობამ ასევე უბრძანა არმიას, აღკვეთოს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმები და დაიწყოს „ჰეზბოლასთვის“ იარაღის კონფისკაცია, რაც მძიმედ შეიარაღებულ მილიციასთან დაპირისპირების რისკს ქმნის.
ლიბანის პრემიერ-მინისტრის ნავაფ სალამის თქმით, „სახელმწიფომ კატეგორიულად უარი თქვა მისი ტერიტორიიდან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე და დაადასტურა, რომ ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილება მის ხელშია, რაც მოითხოვს პარტიის საქმიანობის აკრძალვას და მისთვის ვალდებულების დაკისრებას, ჩააბაროს იარაღი და ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა უარყოფს და გმობს 1-ელ მარტს ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და აცხადებს, რომ ეს „ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომ გადაწყვეტილება ომისა და მშვიდობის შესახებ მხოლოდ ლიბანის სახელმწიფოს ეკუთვნის“.
„მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურებს სთხოვა, განახორციელონ ის, რაც გათვალისწინებულია ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად და დააპატიმრონ ისინი, ვინც მათ ახორციელებს“, - აღნიშნულია ლიბანის მთავრობის განცხადებაში.