ლეო XIV-მ პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა
რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა და მორწმუნეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ, „ომის ძალადობის მიუხედავად, რომელიც კლავს და ანადგურებს“. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
წირვის დროს პაპმა აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ გვჭირდება იმედის ეს სიმღერა“, რადგან კონფლიქტები მთელ მსოფლიოში ვრცელდება.
სააღდგომო ქადაგებისას პაპმა გამოყო ისინი, ვინც ომებს აწარმოებენ, სუსტებს ავიწროებენ და მოგებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ.
პონტიფიკოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, არ დაკარგონ იმედი სიკვდილის წინაშე, რომელიც იმალება „უსამართლობაში, პარტიულ ეგოიზმში, ღარიბების ჩაგვრაში, ყველაზე დაუცველებისადმი ყურადღების ნაკლებობაში“.
„ჩვენ ამას ვხედავთ ძალადობაში, მსოფლიოს ჭრილობებში, ტკივილის ძახილში, რომელიც ყოველი კუთხიდან ისმის იმ ძალადობის გამო, რომელიც ანადგურებს ჩვენ შორის ყველაზე სუსტებს, მოგების კერპთაყვანისმცემლობის გამო, რომელიც ძარცვავს დედამიწის რესურსებს, ომის ძალადობის გამო, რომელიც კლავს და ანადგურებს“, - აღნიშნა მან.
ლეო XIV-მ გაიხსენა თავისი წინამორბედის პაპი ფრანცისკეს სიტყვები, სადაც ის მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ „გაუთავებელი უსამართლობის, ბოროტების, გულგრილობისა და სისასტიკის“ წინაშე ინდიფერენტულობაში არ ჩავარდნენ, რადგან „ასევე მართალია, რომ სიბნელის შუაგულში ყოველთვის იბადება რაღაც ახალი, რომელიც ადრე თუ გვიან ნაყოფს იძლევა“.