Le Monde: აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ნატოში მიწვევაზე ვეტო მოხსნას, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფუნდამენტური წინააღმდეგობა აღარ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, შესაძლოა ამ მიმართულებით წინსვლა დაიწყოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბაიდენმა 18 ოქტომბერს ბერლინში ხანმოკლე ვიზიტით ისარგებლა, რათა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან ერთად ესაუბრა.
უკრაინასთან დაკავშირებით, ოთხი ლიდერი ცდილობდა, უპირველეს ყოვლისა, კოორდინირებული პასუხი გაეცა „გამარჯვების გეგმაზე“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ წარუდგინა.
მგრძნობიარე თემების სიის სათავეში ნატოში გასაწევრიანებლად უკრაინის მიწვევა აღმოჩნდა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, იდეალურ შემთხვევაში, ასეთი მოწვევა შეიძლება იყოს დეკემბრამდე, ჯო ბაიდენის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ უკრაინის ინტეგრაცია ატლანტიკურ ალიანსში, საუკეთესო შემთხვევაში, ომის დასრულების შემდეგ იქცევა რეალობად.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით აშშ და გერმანია უკრაინის ხარჯზე ნატოს გაფართოების ნებისმიერ პერსპექტივას ბლოკავენ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კი ამ იდეის მიმართ უფრო კეთილგანწყობილები არიან.
თუმცა, გამოცემას ზოგიერთმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკელებს აღარ აქვთ ფუნდამენტური წინააღმდეგობები უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ისინი ვარაუდობენ, რომ თუ კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ჯო ბაიდენს ამ საკითხზე კონკრეტული ზომების მიღება შეუძლია.
„თუ კამალა ჰარისს აირჩევენ, სავსებით შესაძლებელია, რომ ბაიდენმა შეძლოს ამ მიმართულებით წინსვლა გარდამავალ პერიოდში [ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე]. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ ეს არგუმენტი აღარ იმუშავებს და ბაიდენის მცირედი ინიციატივა სიტუაციის გაუარესების რისკს აჩენს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი წყაროები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების პოზიციის ცვლილებამ შესაძლოა შეუდრეკელი გერმანიის კურსის შეცვლაც გამოიწვიოს.
როგორც Le Monde წერს, ნებისმიერ შემთხვევაში, ოთხი ლიდერი, რომლებიც პარასკევს [18 ოქტომბერს] ბერლინში ერთმანეთს შეხვდნენ, ამ საკითხს მარტო ვერ გადაწყვეტენ - გადაწყვეტილება ნატოს 32-ვე წევრმა უნდა მიიღოს. თურქეთი და უნგრეთი, ისევე, როგორც სლოვაკეთი კიევსა და ალიანსს შორის სწრაფ დაახლოებას, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგებიან.