Loading data...
ლავროვი: ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია აშშ-სთვის

ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გრენლანდია აშშ-ისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, გლობალურ ასპარეზზე, ყველა ის წესი, რომელიც ოდესღაც დასავლეთს ერგებოდა და მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა, დაირღვა.

მისი თქმით, ამჟამად მოქმედებს პრინციპი – „ვინც ძლიერია, ის მართალია“, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ჩინეთის ეკონომიკური უპირატესობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სხვა საკითხებთან ერთად, ლავროვმა აღნიშნა, რომ „გრენლანდია დანიის ბუნებრივი ნაწილი არ არის“, თუმცა ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში არ ჩაერევა.

„ნატო გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიის საქმეებში ჩაერიოს“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის დაკავების გეგმა.

„ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ გააჩნია. ნატომ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მიაღწიოს“, - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული და გლობალური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს.