Loading data...
ლავროვი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ დოკუმენტის ახალი ვერსიები კიევისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამერიკული სამშვიდობო გეგმის „გაუპატიურების“ მცდელობაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ დოკუმენტის ახალი ვერსიები კიევისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ამერიკული სამშვიდობო გეგმის „გაუპატიურების“ მცდელობაა.

„ყველა შემდგომი ვერსია ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მფარველების მხრიდან ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიისპირეთიდან ამერიკული ინიციატივის „გაუპატიურების“ მცდელობის შედეგია“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ის გეგმა მოიცავს პუნქტს უკრაინაში რუსების, როგორც ეროვნული უმცირესობის უფლებების აღდგენის შესახებ.

„პრესაში გაჟონილი უახლეს ვერსიებში ამაზე არაფერია ნათქვამი“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვის თქმით, რაც შეეხება 20-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ალასკის სამიტის შემდეგ განიხილეს, ის რუსეთისთვის არავის გადაუცია.

„ანკორიჯში ჩვენ გამოვნახეთ ამერიკულ წინადადებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც მშვიდობისკენ გზას ხსნიდა. დოკუმენტი მოიცავდა ყველა ფუნდამენტურ საკითხს და შეთავაზებას საკითხების ადგილზე არსებული რეალობის შესაბამისად გადაჭრასთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხების, რომლებიც ჩვენ შევქმენით რუსების დასაცავად ნაცისტური რეჟიმისგან და მისი კურსისგან, რომელიც რუსულ ენასთან, კულტურასთან, ისტორიასთან და მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ ყველაფრის განადგურებას ისახავს მიზნად“, - ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.