ლავროვი: რუსეთი ისტორიაში პირველად მარტო ებრძვის მთელ დასავლეთს

პირველად ისტორიაში, რუსეთი ახლა მარტო ებრძვის მთელ დასავლეთს; სისუსტე არ შეიძლება დავუშვათ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, იუწყება TASS-ი.
„ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. ამ ამოცანებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მტრის დამარცხებაა. ისტორიაში პირველად, რუსეთი მარტო იბრძვის მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. პირველ მსოფლიო ომში, მეორე მსოფლიო ომში ჩვენ გვყავდა მოკავშირეები. ახლა ბრძოლის ველზე მოკავშირეები აღარ გვყავს. ამიტომ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნოთ, არ უნდა დავუშვათ რაიმე სისუსტე, ან უძლურება“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
ლავროვმა ცალკე განაცხადა, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს აზრი არ ჰქონდა. ამავდროულად, მან დასძინა, რომ რუსეთის ლიდერი, სავარაუდოდ, ღიაა ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპულთან, დიალოგისთვის.
„პრეზიდენტმა მაკრონმა დაურეკა ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც მაშინვე აიღო ტელეფონი. მართალია, არ მინდა საუბრის საიდუმლოებების გამხელა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამ საუბრიდან დიდი სარგებელი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მაშინ პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რათა ის დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე“, - აღნიშნა ლავროვმა.