ლატვიის საგარეო უწყება: პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებას სააგენტო „დელფი“ ციტირებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, ლატვიის პოზიცია არ შეცვლილა - ის მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებულ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“ მიერ შექმნილი საფრთხის აღმოფხვრა, ასევე, ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის გადაუდებელი გადაწყვეტა. ამის მისაღწევად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ“, - განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, 30 ივლისს 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლითაც ოფიციალურად მოუწოდებენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მხარდაჭერას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ერთობლივი განცხადების პირველი ხელმომწერები იყვნენ საფრანგეთი, ფინეთი, ირლანდია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, სლოვენია, მალტა, ანდორა, სან-მარინო, ნორვეგია, ისლანდია, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დარწმუნებულია, რომ რიგი ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ასეთი სახელმწიფოს შექმნა ისრაელის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.