Loading data...
ლას-ვეგასში კაცი, რომელმაც 911-ზე დახმარების სათხოვნელად დარეკა, პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა - BBC

ლას-ვეგასში პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა 43 წლის კაცი, რომელმაც 911-ში დახმარების სათხოვნელად დარეკა. როგორც BBC წერს, პოლიციელმა კაცი იმ დროს დაჭრა სასიკვდილოდ, როდესაც მის სახლში შემოჭრილ ბოროტმოქმედს ფიზიკურად უმკლავდებოდა. 

დაღუპული ბრენდონ დურჰემის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი 15 წლის ქალიშვილი ამ დროს მეზობელ ოთახში იმალებოდნენ. ისინი ოფიცრის გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც მოკლულის შვილი ამბობს, ლას-ვეგასის პოლიციის ოფიცრები მამამისს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ეჭვმიტანილს და არა მსხვერპლს. 

პოლიციის ოფიცერ ალექსანდრე ბუკმენის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. 

როგორც ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, 26 წლის ოფიცერი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაიყვანეს, სანამ 12 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის თაობაზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.

პოლიციის განცხადებით, ბრენდონ დურჰემმა 911-ში დარეკვისას თქვა, რომ გარეთ ორი ადამიანი ისროდა და მის სახლში შეჭრას ცდილობდნენ.

„ოფიცრებს გარეთ დაყენებული ავტომობილის მინები ჩამსხვრეული დახვდათ“, - წერს BBC.

პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერებზე ჩანს, როგორ შედის პოლიციის ოფიცერი სახლში პისტოლეტით ხელში, ამასთან, ვიდეოში ისმის ყვირილის ხმა. დერეფნის მოსახვევში კი, ოფიცერს წელს ზევით შიშველი ბრენდონ დურჰემი და სათხილამურო ნიღბით სახედაფარული ქალი ხვდებათ ფიზიკური დაპირისპირების პროცესში. მოგვიანებით, ქალი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც 31 წლის ალეჰანდრა ბუდრო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დურჰემს, ქალთან ჭიდაობის დროს, ხელში დანა უჭირავს. 

ვიდეოში ოფიცერი ყვირის - „დააგდე დანა!“ - რამდენიმე წამში კი, ისვრის, რის შემდეგაც, ქალი და კაცი ძირს ეცემიან.

„ამის შემდეგ, ბუკმენი კიდევ 5 გასროლას ახორციელებს დურჰემის წინააღმდეგ და ამბობს - „ხელები ასწიეთ“, - აღწერს კადრებს BBC.

ბრენდონ დურჰემი ადგილზევე გამოცხადდა გარდაცვლილად. ხოლო მის სახლში მყოფი ქალი დააკავეს და ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, მათ შორის, სხვის სახლში იარაღით შეჭრის მუხლით.