Loading data...
„ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“ - მედვედევი BRICS-თან დაკავშირებით ტრამპის მუქარას პასუხობს

BRICS-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი X-ზე გამოეხმაურა. 

„ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მხარს დაუჭერს BRICS-ის პოლიტიკას, დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარება. ასე რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“, - წერს მედვედევი. 

ტრამპმა 7 ივლისს განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდება, დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარება.

ინფორმაციისთვის, BRICS-ის ჯგუფის პირველი სამიტი 2009 წელს გაიმართა, რომელშიც დამფუძნებელი ქვეყნები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი - მონაწილეობდნენ. მოგვიანებით ბლოკს სამხრეთ აფრიკა შეუერთდა, ხოლო გასულ წელს ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდნენ.