Loading data...
ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ტურნე დაიწყო

„საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობის, ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფრანგმა ლიდერმა შიდაპოლიტიკური კრიზისის მიუხედავად დაგეგმილი ტურნე არ გადადო. უკვე გავრცელდა მისი დახვედრის კადრებიც - ოფიციალური ცერემონიალისა და სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით.

ტურნეს ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და კატარს ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც ცხოვრების გაძვირებისა და სკოლებში არსებული მძიმე პირობების წინააღმდეგ დაიწყო, მასობრივ ვანდალიზმში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში 550 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, დაკავებულია 2 400-ზე მეტი პირი, ხოლო შეტაკებებისას დაშავდა ასობით სამართალდამცველი.