Loading data...
ქუვეითი აცხადებს, რომ ირანული დრონები ჩამოაგდო, თეირანი კი აშშ-ს დაძაბულობის გამწვავებაში ადანაშაულებს

ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდო, რომელთა სამიზნე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ ობიექტები იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ჩრდილოეთ ქუვეითში მდებარე ერთ-ერთი სამთავრობო ობიექტი, ასევე, მშვიდობიანი სამოქალაქო კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები ბუბიანის კუნძულზე.

ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა გარკვეული მატერიალური ზიანი გამოიწვია, თუმცა დაშავებული არავინაა. ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ ქვეყანა „დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს“.

ამასთან, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ აშშ დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთში „დაძაბულობის ესკალაციის“ გამწვავებაში და რეგიონის ქვეყნებს ვაშინგტონთან თანამშრომლობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„შეერთებული შტატები სწრაფად მიიწევს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის გზაზე. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც კრიმინალური და აგრესიული ამერიკის თავდაცვით ფარად იქცევა, ომის ცეცხლში გაეხვევა“, - აცხადებს ირანის სამხედრო ცენტრალური სარდლობის მეთაური ალი აბდოლაჰი.