ქუვეითი აცხადებს, რომ ირანის საჰაერო თავდასხმა მოიგერია
ქუვეითმა და ბაჰრეინმა განაცხადეს, რომ 17-18 ნოემბრის ღამეს ირანის საჰაერო თავდასხმები მოიგერიეს, იუწყება BBC.
ირანმა ქუვეითის მიმართულებით დრონები გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ ქუვეითზე განხორციელებული პირველი ავიაიერიში იყო ბოლო ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ირანის არმიის განცხადებით, მათ სამიზნეს „ალი ალ-სალემის“ ავიაბაზა წარმოადგენდა, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული, თუმცა ქუვეითის ხელისუფლებას ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ქუვეითზე იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ქეშმზე ირანის სარაკეტო გამშვებ ობიექტს დაარტყეს.
ამავდროულად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განაცხადა, რომ 17 ნოემბერს სპარსეთის ყურის წყლებში კომპანიის ერთ-ერთ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიკარგა.
18 ნოემბერს ბაჰრეინის სამხედრო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის ავიაიერიში მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ბაჰრეინზე ირანის მიერ განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა.
„მხარეებს შორის ბოლოდროინდელმა ცეცხლის გაცვლამ, ისევე, როგორც სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამ, ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარე ომის მასშტაბური ესკალაციის საფრთხე წარმოშვა“, - წერს BBC.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. საპასუხოდ ირანმა რაკეტებითა და დრონებით შეუტია ისრაელსა და სპარსეთის ყურის იმ არაბულ სახელმწიფოებს, სადაც აშშ-ის სამხედრო ობიექტები და პერსონალია განლაგებული. მან ასევე იერიში მიიტანა ათობით კომერციულ გემზე ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის მსოფლიო ნავთობისა და გაზის გადაზიდვების მეხუთედი.