კურილის კუნძულებთან ახლოს 5.1 და 5.0 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმოლოგებმა წყნარ ოკეანეში, კურილის კუნძულებთან ახლოს 5.1 და 5.0 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა დააფიქსირეს, - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის სახალინის ფილიალმა განუცხადა.
„პირველი 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა წყნარ ოკეანეში 30 ივლისს, ადგილობრივი დროით 18:23 საათზე მოხდა, ეპიცენტრი კი იტურუპის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 131 კმ-ში იყო, კერა 61 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. სამ ბალამდე სიმძლავრის სეისმური მოვლენა შიკოტანის კუნძულზე, სოფელ მალოკურილსკოეში იგრძნობოდა“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
მისი თქმით, 20 წუთის შემდეგ სეისმოლოგებმა დააფიქსირეს 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სევერო-კურილსკიდან (პარამუშირის კუნძული) სამხრეთ-აღმოსავლეთით 79 კმ-ში, 47 კმ სიღრმეზე იყო.
სააგენტოს წყაროს ცნობითვე, მეორე სეისმური მოვლენა სევერო-კურილსკში სამ ბალამდე სიმძლავრით იგრძნობოდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 ივლისს, შუადღისას კამჩატკასთან ახლოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სევერო-კურილსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. კუნძულს ცუნამის ოთხმა ტალღამ მიაღწია, რამაც სევერო-კურილსკის პორტი და სათევზაო ობიექტები დატბორა. სევერო-კურილსკის პორტი გემებისთვის დაკეტილია, ვიდრე ცუნამის შედეგებს არ შეისწავლიან.
კამჩატკასთან ახლოს მომხდარი 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო. სხვადასხვა რაიონში ბიძგების ინტენსივობა ექვსიდან შვიდ ბალამდე და მეტს მერყეობდა. გამოცხადდა ცუნამის საშიშროება.