Loading data...
კულებამ და ბლინკენმა უკრაინისთვის „პატრიოტების“ გადაცემის საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების ერთობლივი, გლობალური ძალისხმევა განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფის აუცილებლობაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კულება ბლინკენს კაპრიში, G7-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

კულებამ მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით კი პარტნიორებისგან დამატებითი „პატრიოტის“ სისტემების გამოყოფის შესახებ ბოლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„აშშ-ის როლი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის მხრივ ფასდაუდებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რუსული საჰაერო ტერორი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.