კუბის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში საწვავის მარაგი ამოიწურა
კუბაში საწვავის მარაგი მთლიანად ამოიწურა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის და სამთო მრეწველობის მინისტრმა ვისენტე დე ლა ო ლევიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პრობლემა იმის გამო შეიქმნა, რომ კუბას აშშ-მა ენერგეტიკული ბლოკადა გამოუცხადა. ამის შედეგად, ქვეყანაში საწვავიც დამთავრდა და ელექტროენერგიის ხშირ გათიშვებსაც აქვს ადგილი.
„ჩვენ საერთოდ არ გვაქვს საწვავი. არ არის არც ნავთობი, არც დიზელის საწვავი“, - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამავე წყაროს ცნობით, კუბაში ბლეკაუტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჰავანაში და მოსაზღვრე რაიონებში დენი დღე-ღამეში 20-22 საათით ითიშება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჰავანაში სურსათის და მედიკამენტების ნაკლებობაა.
ამჟამად, კუბის ენერგოსისტემა საკუთარ ნავთობზე, გაზზე და განახლებად ენერგიაზე მუშაობს. აშშ-ის მხრიდან ბლოკადის მიუხედავად, კუბა საწვავის იმპორტის შესახებ მოლაპარაკებას განაგრძობს.
დე ლა ო ლევის თქმით, კუბას დეკემბრის შემდეგ საწვავი არ მიუღია. ბოლო დრომდე, ქვეყანაში საწვავის ძირითადი მიმწოდებელი ვენესუელა იყო. მაგრამ აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს შეპყრობის შემდეგ, კარაკასმა ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბაჟო ტარიფების გაზრდით დაემუქრა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ჰავანას საწვავს მიაწვდის.