Loading data...
„კროკუსში“ მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები გვაქვს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება იპოვეს. ამის შესახებ TASS საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს

„დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათთვის ჩამორთმეული ტექნიკური მოწყობილობების გამოკვლევისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა უკრაინელ ნაციონალისტებთან მათი კავშირის მტკიცებულება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც რუსეთის საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ტერაქტის მონაწილეებმა დიდი თანხები და კრიპტოვალუტები მიიღეს უკრაინიდან და ეს სახსრები დანაშაულის მომზადების პროცესში გამოიყენეს.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ აიღო.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს.

28 მარტის მონაცემებით, დაღუპულია 143 ადამიანი.