„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე 15 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
მოსკოვში, „კროკუს სიტი ჰოლში“, 2024 წელს მომხდარი ტერაქტის საქმეზე რუსეთის დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ტერორისტული აქტის 4 მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
დალერჯონ მირზოევი, საიდაკრამი რაჩაბალიზოდუ, შამსიდინ ფარიდუნი და მუჰამადსობირ ფაიზოვი ტერაქტის, ტერორისტული საქმიანობის, ტერორისტული აქტის ჩადების მიზნით შესაბამისი მომზადების და სხვა მუხლებით დამნაშავედ ცნეს.
ეს პირები სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.
საქმის კიდევ 11 მონაწილეს სასამართლომ ასევე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ტერაქტის ხელშეწყობაში ცნეს დამნაშავეებად. კიდევ 4 პირს 19-დან 22,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტი 2024 წლის 22 მარტს მოხდა. ტერორისტები კომპლექსში იმ მომენტში შევარდნენ, როდესაც იქ ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა გამართულიყო. მათ შენობაში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი საკონცერტო დარბაზს ცეცხლი მოუკიდეს. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 150 ადამიანი.