Loading data...
კრემლში უარყვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-თან სანქციების შემსუბუქების განხილვის შესაძლებლობა

კრემლში კატეგორიულად უარყვეს შეერთებულ შტატებთან ამერიკული სანქციების შემსუბუქების საკითხის განხილვის შესაძლებლობა რუსეთის მიერ გარკვეული პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა მიუთითა საკითხის ასეთი ფორმულირების უადგილობაზე, რადგან, მისი თქმით, რუსეთში პოლიტპატიმრები არ არიან.

„ამ კონტექსტში ეს თემა არ განხილულა და ვერც განიხილებოდა, რადგან ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერი პოლიტპატიმრის არსებობას და მიგვაჩნია, რომ საკითხის ასეთი ფორმულირება აბსოლუტურად უადგილოა“, - განაცხადა პესკოვმა.

„რაც შეეხება (პატიმრების) სხვადასხვა გაცვლას, რომლებიც ადრე ხდებოდა, ჩვენი სპეცსამსახურები ამ საკითხზე რეგულარული კონტაქტების შენარჩუნებას განაგრძობენ“, - დასძინა მან.

დამატებით შეკითხვაზე პასუხად კრემლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქების საკითხი აშშ-თან ფაქტობრივად არ განიხილება.