კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ შეთავაზებული საშობაო ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული
კრემლში აცხადებენ, რომ საშობაო ზავი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა მოსკოვს, დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღწევა თუ არა სამშვიდობო შეთანხმება. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ შობის პერიოდში კიევი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას, კერძოდ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კუთხით.
ამ იდეის შესახებ დასმულ კითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა - როგორც პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, კითხვა ახლა ისმის ასე - მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას ჩვენ“.
პესკოვის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს ასეთ ცეცხლის შეწყვეტაში, თუ უკრაინა ორიენტირებული იქნება „მოკლევადიან, არამდგრად გადაწყვეტილებებზე“ და არა კონფლიქტის ხანგრძლივ დარეგულირებაზე.
„ჩვენ მშვიდობა გვინდა. ჩვენ არ გვინდა ზავი, ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება, ჩვენი მიზნების მიღწევა, ჩვენი ინტერესების დაცვა და ევროპაში მომავლისთვის მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“, - აცხადებს პუტინის პრესმდივანი.