კრემლში აცხადებენ, რომ პუტინის სპეცწარმომადგენლის აშშ-ში ვიზიტი არ ნიშნავს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის შეერთებულ შტატებში ვიზიტი არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.
„კირილ დმიტრიევი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ეს მოლაპარაკებების განახლებას არ ნიშნავს. კირილ დმიტრიევი ხელმძღვანელობს ეკონომიკურ საკითხთა ჯგუფს და ის ამ ჯგუფში მუშაობას აგრძელებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
კრემლის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა პუტინის მიერ მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე 32-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა.
პესკოვის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული ხასიათისაა და რუსეთს დროებითი ზავის ნაცვლად, ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმება სურს.
„როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა. ეს მშვიდობა შეიძლება დღესვე დამყარდეს, თუ პრეზიდენტი ზელენსკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა პესკოვმა.