Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-თან უკრაინის საკითხზე კონტაქტები მაშინ აღდგება, როდესაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოიცლიან

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ელჩები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სხვა საკითხებით არიან დაკავებულნი, თუმცა მათთან უკრაინის საკითხზე კონტაქტები განახლდება, როგორც კი ისინი მოიცლიან.

პესკოვმა უპასუხა კითხვას, შესაძლებელია, თუ არა სხვა წარმომადგენლების მიწვევა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, სანამ უიტკოფი და კუშნერი სხვა საქმით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აშშ-ის გუნდის წევრები არიან, რომელიც ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ჩვენ გვესმის, რომ კონტაქტები გაგრძელდება. ბუნებრივია, ისინი ამჟამად სხვა საკითხებით არიან დაკავებულნი, მაგრამ გარკვეულ მომენტში ისინი ხელმისაწვდომი გახდებიან და ჩვენ შემდგომი მუშაობის იმედი გვაქვს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ელჩების მადლიერია უკრაინის საკითხში გაწეული ძალისხმევისთვის, რომელიც, პესკოვის შეფასებით, „ძალიან კონსტრუქციულია“. „ისინი მზად არიან, მოუსმინონ ყველა მხარეს - ეს ახლა განსაკუთრებით ღირებულია“, - დასძინა პესკოვმა.