Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ რუსეთის პოზიციების გაგებას იწყებს, თუმცა არსებობს ნიუანსი - Reuters

შეერთებული შტატები იწყებს რუსეთის პოზიციის გააზრებას ძირითად საკითხებთან, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით. თუმცა, კრემლს კვლავ აქვს გარკვეული კითხვები. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ და აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა იური უშაკოვმა განაცხადა, იუწყება Reuters

„აშკარაა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება, რომ არსებობს იმის გაგება, თუ რის მიღწევას ვცდილობთ ამ სიტუაციის შედეგად“, - განაცხადა მან. 

„და გარკვეულწილად, ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი წინადადებები გათვალისწინებულია. არა ყველა მათგანი, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს“, - დასძინა აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა.

უშაკოვმა ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეარბილა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინა ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

„აშშ-ის ოფიციალური პირების ზოგიერთი კომენტარი, მაგალითად ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის, ზოგჯერ კრემლის ნარატივებს იმეორებდა“, - წერს Reuters.

უშაკოვმა აღიარა, რომ ორივე მხარე, სავარაუდოდ, ბოლომდე კმაყოფილი არ იყო იმით, რასაც მეორე მხარე ამბობდა. 

„დიახ, ჩვენ, ალბათ, ამა თუ იმ საკითხში მათ იმედები გავუცრუეთ. მათაც გაგვიცრუეს იმედი, შესაძლოა, უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ გავუცრუეთ მათ იმედები“, - აღნიშნა კრემლის ლიდერის თანაშემწემ.