კრემლმა რუტეს განცხადებებს რუსეთთან ომისთვის მზადების შესახებ უპასუხისმგებლო უწოდა
კრემლის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებები რუსეთთან ომისთვის მზადების შესახებ უპასუხისმგებლო იყო და აჩვენებს, რომ მას არ ესმის მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის მასშტაბები.
11 დეკემბერს ბერლინში სიტყვით გამოსვლისას რუტემ განაცხადა, რომ ნატო „მზად უნდა იყოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა, ან დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს“ და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე“.
კრემლმა არაერთხელ უარყო ნატოს და ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განცხადებები, რომ რუსეთი ნატოს წევრზე თავდასხმას გეგმავს და აღნიშნა, რომ ამას ევროპელი ლიდერები ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად იყენებენ.
„ეს ისეთი განცხადებაა, როგორიც იმ თაობის წარმომადგენლის, რომელმაც მოახერხა, დაევიწყებინა, თუ როგორი იყო სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომი. მათ არ ესმით და სამწუხაროდ, ბატონი რუტე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებით უბრალოდ ვერ ხვდება, რაზე საუბრობს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.