Loading data...
კრემლმა ინდოეთის სამშვიდობო წინადადება უარყო

რუსეთი არ ეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერებას, რადგან მას სურს, დაუყოვნებლივ დადოს სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა  განაცხადა.

პესკოვმა კომენტარი გააკეთა ინდოეთის მიერ უკრაინის ხელისუფლებისთვის ადრე წარდგენილ სამშვიდობო წინადადებებზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მადლიერია ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივისთვის, თუმცა ინდოეთის გეგმა შეუფერებელია, რადგან ის „სეგმენტურია“.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ფრაგმენტული გადაწყვეტილებები, ფრაგმენტული შეთანხმებები ხელს შეგვიშლის ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევაში. ის ყოვლისმომცველი უნდა იყოს. დროებითი შეჩერება, გაყინვაც არ დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება გამოსავალი მომავალი თაობებისთვის, გარანტირებული, დარღვევისგან დაცული“, - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა კიევს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა შესთავაზა, რომელიც ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებას, შავი ზღვის პორტების მეშვეობით მარცვლეულისა და ენერგორესურსების შეუფერხებელ მიწოდებასა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შეწყვეტას მოიცავდა.