კრემლი უარყოფს ბრალდებას, რომ ალექსეი ნავალნი ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს
კრემლმა კატეგორიულად უარყო ხუთი ევროპული ქვეყნის ბრალდება, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლა, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ბუნებრივია, ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ბრალდებებს. ჩვენ არ ვეთანხმებით მათ. ჩვენ მათ მიკერძოებულად და არაფერზე დაფუძნებულად მივიჩნევთ და კატეგორიულად უარვყოფთ“, – განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს „ექსტრემიზმის“ საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.
ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
14 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და შვედეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ამის უკან კი, დიდი ალბათობით, რუსეთის მთავრობა დგას.