კრემლი კიევის დაბომბვაზე: რუსი სამხედროები აგრძელებენ უმაღლესი მთავარსარდლის დავალებების შესრულებას

კრემლში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასობრივ საჰაერო იერიშს გამოეხმაურნენ.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ზავი დასრულდა და შესაბამისად, რუსი სამხედროები აგრძელებენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში.
„უკრაინული მხარე აგრძელებს თავის პროპაგანდას. ჩვენი სამხედროები აგრძელებენ სპეცოპერაციას. თქვენ იცით, რომ სააღდგომო ზავი იყო და დასრულდა“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, უკრაინულმა მხარემ არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
„ახლა, ჩვენი სამხედროები იმ ამოცანების შესრულებას აგრძელებენ, რომელიც მათ მთავარსარდალმა დაუსახა“, - დასძინა პესკოვმა.
ინფორმაციისთვის, 24 აპრილს, ღამით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანეს.
ომის 1156-ე დღეს, მოსკოვმა ისევ დაბომბა კიევი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.