Loading data...
კრემლი ეთანხმება ტრამპის განცხადებას, რომ „კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას კიევი აჭიანურებს“

კრემლმა განაცხადა, რომ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ კიევი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას აჭიანურებს და რომ დროა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„აქ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, დავეთანხმოთ ტრამპის აზრს. პრეზიდენტი პუტინი და რუსული მხარე ღიაობას ინარჩუნებენ“, - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციები ყოველდღიურად უარესდება.

„სიტუაცია კიევის რეჟიმისთვის დღითი დღე უარესდება და კიევის რეჟიმის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც მცირდება. დროა, ზელენსკიმ აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. 

უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა: „რუსული მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი - როგორც ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის, ასევე, პრეზიდენტ ტრამპისთვის. ის, ასევე, კარგად არის ცნობილი კიევში და კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის“.