Loading data...
კრემლი: ბრიანსკზე სარაკეტო იერიშის მიტანა ბრიტანელი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში უკრაინელების სარაკეტო იერიშს კრემლში განცხადებით გამოეხმაურნენ. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბრიტანელი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე, ბრიანსკზე იერიშის მიტანა შეუძლებელი იქნებოდა.

„ცხადია, ამ რაკეტების გაშვება შეუძლებელი იქნებოდა ბრიტანელი სპეციალისტების გარეშე. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, ეს კარგად ვიცით და რა თქმა უნდა, ამას გავითვალისწინებთ“, - აცხადებს კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე ბრიანსკის რეგიონში მდებარე ქარხანა იყო.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ქარხანაზე იერიში მიიტანეს, რომელიც რუსული რაკეტებისთვის მართვად სისტემებს აწარმოებდა.

უკრაინელების იერიშის შედეგად ბრიანსკში 6 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა. 11 მარტი კი ბრიანსკის ოლქში გლოვის დღედ გამოაცხადეს. 

რუსული მხარის განცხადებით, უკრაინელებმა ბრიანსკის ოლქზე იერიში შვიდი Storm Shadow-ს რაკეტით განახორციელეს.