კრემლი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა პირველ ნაბიჯს არ გადადგამს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ყველასთან, მათ შორის ევროპელებთან, მოლაპარაკებებისთვის, განაცხადა კრემლმა მას შემდეგ, რაც Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ლიდერები პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
კერძოდ, 7 მაისს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით წარმოებული მოლაპარაკებებით ევროპის იმედგაცრუებამ განაპირობა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებების „პოტენციალი“ აქვს და რომ ბლოკს ამისთვის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერაც აქვს, იტყობინება Financial Times-ი.
„პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებისთვის. მან ეს არაერთხელ განაცხადა. ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგის გასაგრძელებლად, რამდენადაც ევროპელები მზად იქნებიან ამისთვის. თუმცა, როგორც პუტინმა არაერთხელ განაცხადა, ევროპელების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ ჩვენ ასეთ კონტაქტებს არ დავიწყებთ“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
რუსეთი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ევროპის მთავრობებმა უნდა გადადგან, რადგან სწორედ მათ გაწყვიტეს კავშირი მოსკოვთან 2022 წელს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ.
„რუსული მხარე არ იყო ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების სრული შეწყვეტის ინიციატორი. ეს ბრიუსელის და ცალკეული ევროპული დედაქალაქების მიერ იყო ინიცირებული“, - აღნიშნა პესკოვმა.
ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს. ისინი პუტინს ომის დამნაშავედ და ავტოკრატად მოიხსენიებენ, რომელიც, მათი თქმით, ერთ დღეს შეიძლება ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხას, თუ ომში გამარჯვების უფლება მიეცემა. რუსეთი ასეთ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს.
პუტინი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა, ევროპულ ძალებს ომის წამქეზებლებს უწოდებს, ათობით მილიარდი დოლარით, იარაღითა და დაზვერვით უკრაინის მხარდაჭერის გამო.