კრასნოდარის გუბერნატორი: ოლქზე შეტევა ასობით უკრაინული დრონით განხორციელდა, დაიღუპა 2 ადამიანი
11-12 აგვისტოს ღამით, კრასნოდარი მხარეზე „ასობით უკრაინული დრონით მასიური საჰაერო იერიში“ განხორციელდა. როგორც რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, ნოვოროსიისკში, ანაპაში, გელენჯიკში და ტემრიუკში დარტყმის ქვეშ სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები აღმოჩნდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ნოვოროსიისკში 8 წლის ბავშვი დაიღუპა, კიდევ 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა - ქალი და 6 წლის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზიანებულია 4 საწარმო და 21 საცხოვრებელი სახლი. ხანძრის გაჩენის შემდეგ რანდენიმე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, პრიმორსკის და ვოსტოჩნის რაიონებში დროებითი პუნქტები გაიხსნა, სადაც 90 ადამიანი იმყოფება.
უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ნოვოროსიისკში შეტევა პურის ქარხანაზე განხორციელდა. იქ ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ნოვოროსიისკზე დარტყმები განხორციელდა რაკეტებით, დრონებით და უპილოტო საზღვაო კატარღებით.
ანაპაში დრონის ნამსხვრევებმა კერძო სახლი დააზიანა. დაშავდა ორი ადამიანი. გელენჯიკში ორი კერძო სახლი დაზიანდა, დაშავდა ორი ადამიანი, ტემრიუკის რაიონის დასახლება ვოლნაში დრონის ნამსხვრევები კერძო სახლის ეზოში ჩავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი.