კოსოვოს პარლამენტთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
„კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, პარლამენტის შენობასთან, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა“, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა და ქვები ისროლეს, ხოლო პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პროტესტი ჰააგის სპეციალიზებული სასამართლოს მიერ კოსოვოს განთავისუფლების არმიის (KLA) ყოფილი ლიდერების მიმართ გამოტანილ განაჩენებს და ომის დანაშაულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს მოჰყვა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომლითაც ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილება შეიზღუდება.
მომიტინგეები გამოტანილ განაჩენებს უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო სასამართლო კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა დისკრედიტაციას ახდენს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.
ცნობისთვის, კოსოვოში 2015 წელს სპეციალური სასამართლო შეიქმნა, რომელიც ჰააგაში მუშაობს. ის კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილ მებრძოლებს ასამართლებს, რომლებსაც ომის დროს ან მის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ ბრალი. პარლამენტს ორი ცვლილება აქვს განსახილველად. პირველი ითვალისწინებს, რომ მაქსიმალური სასჯელი 15 წელი გახდება. მეორე ცვლილებით, განსასჯელებს განაჩენის გასაჩივრება კოსოვოს უზენაეს სასამართლოში შეეძლებათ.