კოშტა: ახლო აღმოსავლეთის ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ რუსეთი ჯერჯერობით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ერთადერთი გამარჯვებულია, რადგან ენერგორესურსების ფასები მკვეთრად იზრდება და უკრაინის წინააღმდეგ მისი ომისადმი ყურადღება მცირდება.
„ჯერჯერობით ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია - რუსეთი“, - განაცხადა კოშტამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ენერგორესურსების ფასების ზრდის გამო, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად ახალ რესურსებს იძენს. ის სარგებლობს სამხედრო შესაძლებლობების გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა უკრაინის მხარდასაჭერად გაეგზავნათ და სარგებლობს უკრაინის ფრონტზე ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ცენტრალურ ადგილს იკავებს“, - აღნიშნა მან.
კოშტამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის აუცილებლობას, რომელსაც, მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს და ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას.
„თავისუფლება და ადამიანის უფლებები ბომბებით ვერ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. შემდგომი ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ. ასეთი გზა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.