ყოფილი უკრაინელი დიპლომატი უცხოური დახმარების მითვისებაშია ბრალდებული
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, ალექსანდრე ბანკოვს, 37 მლნ. გრივნის, (1,28 მლნ აშშ დოლარის) მიტაცებისთვის ბრალი წაუყენა. ეს თანხა უკრაინის დასახმარებლად იყო განკუთვნილი. ინფორმაციას kyivindependent.com ავრცელებს.
ანტიკორუფციული უწყების ცნობით, ყოფილმა ჩინოვნიკმა და დანაშაულის თანამონაწილეებმა ეს თანხები გაათეთრეს.
ალექსანდრე ბანკოვი 2020-2024 წლებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა. ასევე ბრალი წაუყენეს ბანკოვის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ეჭვმიტანილთა შორის არიან საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ყოფილი თანაშემწე, ასევე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მისი ბუღალტერი.
„დაჯგუფების წევრებმა მიითვისეს თანხები, რაც უცხოეთი მოქალაქეებმა და სხვა დონორებმა უკრაინის მხარდასაჭერად შეაგროვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასაწყისში და შემდეგ ეს ფული ვალუტის გადახურდავების პუნქტების მეშვეობით გაათეთრეს“, - იუწყება ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა უკრაინის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები და საერთაშორისო დონორები, რომ ფინანსური დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხონ, რომელსაც თავად აკონტროლებდა.
ეს თანხები იურიდიულად იყო კლასიფიცირებული, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ფონდის მფლობელობაში არსებული მიზნობრივი საბიუჯეტო თანხები.
შემდეგ ხდებოდა ამ თანხების გადარიცხვა ინდმეწარმეები და კომპანიების ანგარიშებზე, რომელსაც იგივე დანაშაულებრივი ჯგუფი აკონტროლებდა და შემდეგ ფულის გათეთრების მიზნით ბანკომატებიდან ნაღდი თანხის გამოტანა ხდებოდა.
როგორც Kyiv Independent-ს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ საქმეში სამინისტრო სამართალდამცავ ორგანოებს ყველა აუცილებელ დახმარებას უწევს.