Loading data...
კონგრესმენი დონ ბეიერი: ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას

დემოკრატი კონგრესმენი დონ ბეიერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპს ამის უფლება არ აქვს.

ბეიერის თქმით, ტრამპის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და ამერიკისთვის სრულ კატასტროფას წარმოადგენს.

„ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას. ეს კანონის საწინააღმდეგოა, ეს სრული კატასტროფაა ამერიკისთვის. კონგრესსა და უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკელებმა უნდა მოიკრიბონ ძალები და შეაჩერონ ეს“, - წერს დონ ბეიერი X-ზე.

17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრენლანდიის გამო, ევროპული ქვეყნების ნაწილს - დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს, 2026 წლის თებერვლიდან ტარიფებს უწესებს.