კოლუმბიაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი 15-ვე ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიის ჩრდილოეთით სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC ქვეყნის სახელმწიფო ავიაკომპანია Satena-ს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავმა - Beechcraft 1900-მა - „სასიკვდილო ავარია განიცადა“, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. ნამსხვრევები მთიან ზონაში იპოვეს.
ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მგზავრების სიის თანახმად, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ დეპუტატი დიოგენეს კვინტერო და მისი გუნდის წევრები, ასევე კარლოს სალსედო, კონგრესის კანდიდატი მარტის არჩევნებში.
Satena-ს განცხადებით, თვითმფრინავთან კონტაქტი 28 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:05 საათზე, ვენესუელას საზღვართან ახლოს, ქალაქ ოკანიაში დაშვებამდე 11 წუთით ადრე დაიკარგა.
ავიაკომპანიის ცნობითვე, რეისი NSE 8849 ოკანიადან დაახლოებით 100 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუკუტადან აფრინდა. ბორტზე 13 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.
ამჟამად 7 ცხედარია ნაპოვნი და მიმდინარეობს დანარჩენი დაღუპულების ძებნა. სამძებრო ოპერაციაში კოლუმბიის შეიარაღებული ძალები არიან ჩართულები.