Loading data...
კლიჩკომ ზელენსკის უპასუხა: მე გულწრფელად ვსაუბრობ და ხალხს უკიდურესად რთული ვითარების შესახებ ვაფრთხილებ, არ მაინტერესებს რეიტინგები ან ილუზორული არჩევნები

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის, როგორც მერი, ასევე, ყველა საქალაქო სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რათა ელექტროქსელში საგანგებო სიტუაციის დროს ქალაქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უზრუნველყოფა შეინარჩუნონ.

„როგორ „ინტენსივობას“ ვერ ხედავს პრეზიდენტი კიევის საგანგებო რეაგირებაში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როგორც მან აღნიშნა? როდესაც დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ, 6 000 სახლიდან მხოლოდ 400 რჩება ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე დღეში? როდესაც კომუნალური მომსახურების თანამშრომლები თებერვლის სიცივეში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ მტრის მიერ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რათა აღადგინონ გათბობა და წყალი ადამიანებისთვის? როდესაც ენერგეტიკოსები, რომლებიც ასევე 24/7 მუშაობენ, ცდილობენ კიევის მცხოვრებლების სახლებში ელექტროენერგიის აღდგენას სულ მცირე რამდენიმე საათით?“ - აღნიშნავს კლიჩკო.

კიევის მერმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები, უპირველეს ყოვლისა, ათასობით ადამიანისა და სპეციალისტის თავდადებულ შრომას უარყოფს.

„მე გულწრფელად ვსაუბრობ და ხალხს უკიდურესად რთული ვითარების შესახებ ვაფრთხილებ, არ მაინტერესებს რეიტინგები ან ილუზორული არჩევნები“, - აცხადებს კიევის მერი.

კლიჩკომ განაცხადა, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში, ის, როგორც მერი, და ყველა საქალაქო სამსახური ყველაფერს აკეთებენ ქალაქის სიცოცხლის ფუნქციების შესანარჩუნებლად (როგორც სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებსა და კვირებში).

მან დასძინა, რომ პრეზიდენტს საჯაროდ პასუხობდა, რადგან „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თქვენ და მე, ბატონო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, პირადად არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს...“.