კით კელოგი: სამდღიანი ზავი აბსურდია, ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობს, - ამის შესახებ ამერიკელი ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველ, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას ცდილობს“, - აცხადებს კელოგი.
კელოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო ზღვაზე, ჰაერში და ხმელეთზე დროებითი ზავის მიღწევა.
„სამდღიანი ზავი აბსურდია. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა - ზღვაზე, ხმელეთზე, ცაში და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ის გავაგრძელოთ“, - დასძინა მან.
როგორც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ერთი მხარე დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ახლა საჭიროა რუსეთის თანხმობა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები ამისთვის მზად არიან. ახლა რუსების, პუტინის ჯერია. ვფიქრობ, ჩვენ ამასთან ახლოს ვართ“, - აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.