კისლიცა: რუსეთ-უკრაინის ომი უნდა შეწყდეს ცეცხლის შეწყვეტით ამჟამინდელ შეხების ხაზზე, ტერიტორიული საკითხების განხილვა კი უკრაინისა და კრემლის ხელმძღვანელობას უნდა დაევალოს
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს „ამჟამინდელ შეხების ხაზზე“ ცეცხლის შეწყვეტით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პოზიციები იდენტურია: ომი უნდა შეწყდეს ცეცხლის შეწყვეტით ამჟამინდელ შეხების ხაზზე და შემდეგ კი მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს ამჟამინდელი შეხების ხაზიდან, ტერიტორიული საკითხების შემდგომი განხილვა კი უკრაინისა და კრემლის ხელმძღვანელობას უნდა დაევალოს“, - გამოთქვა თავისი აზრი დიპლომატმა.
კისლიცამ აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე გააკეთა მნიშვნელოვანი დათმობები კრემლის წინაშე, ამიტომ მეტის მოლოდინს აზრი არ აქვს.
„ჩვენ უკვე ბევრ დათმობაზე წავედით, ამიტომ უკრაინის მთავრობას არ სჭირდება, რუსეთის მთავრობას ასიამოვნოს“, - განაცხადა მან.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთი, ისევე, როგორც ამ პროცესში ჩართული ყველა ქვეყანა, რთული მოლაპარაკებების წინაშე დგანან. კისლიცამ დასძინა, რომ მოლაპარაკებების სირთულე თავად კონფლიქტის სირთულეს უკავშირდება:
„საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზულობა უნდა გამოიჩინოს და მოლაპარაკებებში ჩაერთოს... დიახ, ჩვენი მოლაპარაკებები - და არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ბევრ სხვა პარტნიორთანაც - ძალიან რთულია, მაგრამ გამიკვირდება, თუ მიმდინარე კონფლიქტის სირთულის გათვალისწინებით, მათ მარტივად წარმართვას შევძლებთ“.
კისლიცას თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება. მან ვაშინგტონი ომის დასრულების საერთაშორისო ძალისხმევაში „მთავარ მოთამაშედ“ მოიხსენია. კერძოდ, დიპლომატმა რეალისტურად შეაფასა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებისა და „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებული მოლოდინები.
„მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ჩვენ რეალისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენ ვაწარმოებთ არა მხოლოდ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, არამედ მოლაპარაკებებს მთავრობებთან და იარაღის მწარმოებლებთანაც... შესაძლოა, პროცესი ისეთი სისწრაფით არ მიმდინარეობს, როგორც ყველას გვინდოდა, მაგრამ ის სწორი მიმართულებით მიდის“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ტრამპისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გაუქმებაზე. კისლიცა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები იმიტომ გაუქმდა, რომ ტრამპი პუტინის მიმართ მოთმინებას კარგავს.
„ტრამპსა და პუტინს შორის დაანონსებული შეხვედრის გაუქმების ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი კარგავს მოთმინებას მოსკოვის მანიპულაციების, დაყოვნების ტაქტიკისა და დაუსრულებელი შეფერხებების მიმართ, იმის ნაცვლად, რომ სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებებს და დაასრულოს ეს ომი“, - განაცხადა კისლიცამ.