Loading data...
კირილ ბუდანოვი: უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პირდაპირი მონაწილეა, რეალური პროგრესი გვაქვს, თუმცა მშვიდობაზე საუბარი ნაადრევია

უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის პირდაპირი მონაწილეა, რეალური პროგრესი გვაქვს, თუმცა მშვიდობაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„წინ მივიწევთ. ვერ ვიტყვი, რომ ხვალ აუცილებლად გვექნება მშვიდობა - თუ ვინმე ასეთ რამეს გვპირდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ ამის მისაღწევად“, - აცხადებს ბუდანოვი.

მისი თქმით, როგორც უკრაინა, ასევე, შეერთებული შტატები ცდილობენ ომის დასრულების გზების პოვნას.

„მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მოძრაობა არის და ეს რეალურია. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ პროგრესს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატება დიდწილად რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

„თქვენ გესმით, ვისთან გვაქვს საქმე“, - დასძინა მან.

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ „უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“.

„ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს გარეშე არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მომავალი მშვიდობის ძირითად პირობებზე საუბრისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები და აღდგენის მკაფიო გეგმა.

„ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები. გვჭირდება აღდგენის გეგმა, უკრაინის აღდგენის გეგმა“, - განაცხადა ბუდანოვმა.