კირ სტარმერის თქმით, ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებში დიდი ბრიტანეთი ჩართული არ ყოფილა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც სტარმერი აღნიშნავს, მას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარი და მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გაგება სურს.
„პირველ რიგში, მინდა ფაქტების დადგენა. მინდა, პრეზიდენტ ტრამპს და მოკავშირეებს ვესაუბრო. შემიძლია, აბსოლუტურად ნათლად ვთქვა, ამაში ჩართული არ ვყოფილვართ. როგორც იცით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ საერთაშორისო სამართალი ყველამ უნდა დავიცვათ, მაგრამ ამ ეტაპზე, სწრაფად ცვალებად სიტუაციაში, მოდით, დავადგინოთ ფაქტები და იქიდან დავიწყოთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, კირ სტარმერის თქმით, ვენესუელაში ბრიტანეთის დაახლოებით 500 მოქალაქე იმყოფება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ საელჩოსთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათზე კარგად იზრუნებენ, დაიცავენ და შესაბამის რჩევებს მიიღებენ. ამისთვის საელჩოსთან ერთად ვმუშაობთ. ეს მცირე რიცხვია, მაგრამ მნიშვნელოვანი, დაახლოებით 500 ადამიანია, ასე რომ, ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა სტარმერმა.