კირ სტარმერის მტკიცებით, აშშ-ირანის ზავზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო
„აშშ–ირანის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა მყიფეა და მის შესანარჩუნებლად მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი, საჭიროა რეალური მოქმედება“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის შესანარჩუნებლად მუშაობაა საჭირო.
„ვფიქრობ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში განწყობა დიდწილად არის შოკი იმ ფაქტის გამო, რომ მათზე თავდასხმა განხორციელდა, ისინი ირანს არ ესხმოდნენ თავს. არსებობს შვება, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტაა. მაგრამ, ვფიქრობ, საერთო განცდაა, რომ ეს მყიფეა და საჭიროა მასზე მუშაობა“, – განაცხადა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის დროს მადლობა გადაუხადა რეგიონში განთავსებულ სამხედრო პერსონალს.
„ეს იყო შესაძლებლობა გულწრფელად მეთქვა მადლობა ჩვენი პერსონალისთვის, რომლებიც აქ იმყოფებიან“, – განაცხადა სტარმერმა.
სტარმერმა ასევე ხაზი გაუსვა მოკავშირეებთან ერთად დგომის მნიშვნელობას.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიდგეთ აქ ჩვენი მრავალწლიანი მოკავშირეების გვერდით, ვაჩვენოთ მხარდაჭერა და გავაანალიზოთ ის სამუშაო, რასაც ერთად ვაკეთებთ. მათთვის კი მნიშვნელოვანია განცდა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებიც სწორედ ასეთ დროს მივდივართ მათთან მნიშვნელოვანი განხილვებისთვის“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავარი მიზანია, რომ ცეცხლის შეწყვეტა გახდეს მუდმივი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი - ჰორმუზის სრუტე დარჩეს ღია.
„აუცილებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტა გადაიქცეს მუდმივ შეთანხმებად და ჰორმუზის სრუტე დარჩეს ღია. ეს მოითხოვს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ სიტყვებს, ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს“, - განაცხადა სტარმერმა.