კირ სტარმერი: უკრაინას შეუძლია, ბრიტანული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
უკრაინას შეუძლია, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთში სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალმა მეთაურმა, კირ სტარმერმა Bloomberg-ს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემულ Storm Shadow-ის რაკეტებს. ამრიგად, სტარმერმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს გაერთიანებული სამეფოს წინა მთავრობის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შესახებ.
„რაკეტები უნდა გამოიყენონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ისინი თავდაცვითი მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს მათ ამ თავდაცვითი მიზნებისთვის“, - აღნიშნა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ასევე გამოეხმაურა 8 ივლისს კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ სარაკეტო იერიშს. მისი თქმით, ეს იყო „აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, შემზარავი თავდასხმა“, რომელმაც „ამ [ნატოს] სამიტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ტრაგიკული ფონი“ შექმნა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი 9 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.