1745513286
უცხოეთი
კირ სტარმერი კიევის დაბომბვაზე: კიდევ ერთი შეხსენებაა, იმისა რომ რუსეთი აგრესორია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას გამოეხმაურა.
სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის სასიკვდილო დარტყმა უკრაინის დედაქალაქზე შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი აგრესორია.
„ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ რუსეთი აგრესორია. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
ინფორმაციისთვის, 24 აპრილს, ღამით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანეს.
ომის 1156-ე დღეს, მოსკოვმა ისევ დაბომბა კიევი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.