Loading data...
კირ სტარმერი ილონ მასკზე: ჩვენს პოლიტიკაში ერევა და ცდილობს განხეთქილების დათესვას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ამერიკელი მილიარდერი, პლატფორმა X-ის მფლობელი ილონ მასკი ჰენრი ნოვაკის მკვლელობასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. კირ სტარმერის განცხადებას The Guardian-ი ციტირებს. 

მედიასაშუალების ცნობით, „სტარმერმა ილონ მასკი 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობისა და მისი მკვლელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში განხეთქილების დათესვის მცდელობისთვის გააკრიტიკა“. 

როგორც მედიასაშუალება წერს, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაირკვა, რომ ილონ მასკმა გასული კვირიდან მოყოლებული პლატფორმა X-ზე ბრიტანული პოლიტიკის შესახებ დაახლოებით 110 პოსტი გააზიარა და დაწერა. 

მედიასაშუალება წერს, რომ მასკის პოსტების უმეტესობა ნოვაკის საქმეს ეხებოდა, რითაც მტკიცედ უჭერდა მხარს იმ მოსაზრებას, რომ სტუდენტი პოლიციის მიერ „თეთრკანიანთა საწინააღმდეგო რასიზმის“ მსხვერპლი გახდა.

როდესაც სტარმერს მასკისა და ამ თემაზე მისი პუბლიკაციების შესახებ ჰკითხეს, პრემიერ-მინისტრმა ამ ქმედებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.

„ჩვენ უნდა განვაცხადოთ, ვინ ვართ, როგორც ქვეყანა, რადგან მასკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერევა ჩვენს პოლიტიკაში და ცდილობს განხეთქილების დათესვას. ეს არ არის ის, ვინც ჩვენ ვართ ბრიტანეთში. ჩვენ გონივრული, ტოლერანტული ხალხი ვართ. როდესაც გვაქვს საშინელი საქმე, როგორიცაა ჰენრის საქმე, ჰენრი ნოვაკი, ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ, როგორც მისმა ოჯახმა გააკეთა“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

გასული წლის დეკემბერში, სტუდენტი ჰენრი ნოვაკი 23 წლის ვიკრუმ დიგვამ დანით დაჭრა.

როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, თავდამსხმელმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ნოვაკმა მას  შეურაცხყოფა მიაყენა.